logo
ENG



"თავს დამესხნენ, ვვარაუდობ, აზერბაიჯანის დაკვეთა იყო" - რას ყვებოდა ბლოგერი გარდაცვალებამდე

30 ივლ 202112:24
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ჰუსეინ ბაკიხანოვმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე youtube-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს.

ბაკიხანოვი ყვება, რომ 12 ივლისს, თბილისის ცენტრში მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბლოგერი მომხდარს აზერბაიჯანის მთავრობას უკავშირებს და ამბობს, რომ მას თავს შემთხვევით არ დასხმიან. 

"დღეს 12 ივლისია, 2021 წელი. მე ჰუსეინ ბაკიხანოვი ვარ. დღეს 5 ადამიანი თბილისის ცენტრში თავს დამესხა.  ვვარაუდობ, რომ ეს აზერბაიჯანის მთავრობის დაკვეთა იყო. დარწმუნებული არ ვარ, თუმცა არ მჯერა, რომ ეს შემთხვევითობა იყო. ეს ადამიანი რამდენიმე დღის წინ გავიცანი, დღეს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, შემდეგ კი - თავს დამესხნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, რადგან მაქვს დაზიანებები სხეულზე. ეს შემთხვევითობა არაა, ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის მხრიდანაა მოწყობილი", - ამბობს ბაკიხანოვი

აჭარა ჯგუფის იურისტი, ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი სასტუმრო სტამბას შიდა ეზოში გარდაიცვალა. 

როგორც ადვოკატი ფორმულას უყვება, 14 ივლისს ბაკიხანოვი სასტუმროში გასაუბრებაზე იყო მისული, რის შემდეგაც ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტა. 

"14 ივლისს მოხდა შემთხვევა, სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთი პიროვნება, აზერბაიჯანელი მოქალაქე, რომლის სამუშაოზე მიღება იყო გადაწყვეტილი და მიმდინარეობდა სასტუმროს შენობის გაცნობითი ტური, ავიდა შენობის სახურავზე და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის უშუალო შემსწრეები არიან", - ამბობს წერეთელი. 

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.

ბლოგერის გარდაცვალების  შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ ინფორმაცია facebook-ზე გაავრცელა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


close დახურვა